2012 წელს, კარიერის მწვერვალზე მყოფი ლასანა დიარა 27 წლის ასაკში, რეალ მადრიდიდან გადავიდა მახაჩკალის ანჟიში, კლუბში რომელსაც მილიარდერი სულეიმან კერიმოვი ფლობდა. იმ დროს ანჟი ასტრონომიულ თანხებს იხდიდა გლობალური ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა სამუელ ეტო'ო, რობერტო კარლოსი და ვილიანი, მაგრამ დიარას ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში, კერიმოვმა გადაწყვიტა კლუბის ბიუჯეტი ორი მესამედით შეემცირებინა და მოულოდნელად, ყველა მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა.

შემდეგ იყო ტრანსფერი მოსკოვის ლოკომოტივში, სადაც დიარა €12 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა. ფრანგი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მალევე გახდა, მაგრამ 2014 წლის გაზაფხულისთვის მისი სათამაშო დრო შემცირდა, რასაც მწვრთნელთან კონფლიქტი მოჰყვა. იმ ზაფხულს, ლოკომოტივმა გადაწყვიტა შეემცირებინა სახელფასო ჭერი, რაზეც დიარამ უარი განაცხადა, რის შედეგადაც რამდენიმე ვარჯიში პროტესტის მიზნით გამოტოვა, ლოკომოტივმა კი კონტრაქტის დარღვევა დაადასტურა და ფეხბურთელთან ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა. რუსულმა კლუბმა დიარას ქეისის შესახებ FIFA-ს შეატყობინა და კომპენსაციის სახით €20 მილიონი ევრო მოითხოვა. შემდგომში ფიფამ დიარას თამაში აუკრძალა, ფრანგის საქმე კი მას შემდეგ დამძიმდა, რაც სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ფეხბურთელს კი €10.5 მილიონის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
ლოკომოტივთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, დიარას ჰქონდა მრავალი შემოთავაზება სხვადასხვა კლუბებიდან, მათ შორის ბელგიური შარლეროადან, რომლებიც მზად იყვნენ ფეხბურთელთან გაეფორმებინათ კონტრაქტი, იმ პირობით, რომ არ იქნებოდნენ პასუხისმგებელი ლოკომოტივის მიმართ მის ვალზე, თუმცა ამის მიუხედავად, ფიფამ უარი თქვა საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატის გაცემაზე, იქამდე სანამ ჯარიმის გადახდა არ მოხდებოდა, შესაბამისად, გარიგება ჩაიშალა.
ლოკომოტივთან კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, დიარას ჰქონდა მრავალი შემოთავაზება სხვადასხვა კლუბებიდან, მათ შორის ბელგიური შარლეროადან, რომლებიც მზად იყვნენ ფეხბურთელთან გაეფორმებინათ კონტრაქტი, იმ პირობით, რომ არ იქნებოდნენ პასუხისმგებელი ლოკომოტივის მიმართ მის ვალზე, თუმცა ამის მიუხედავად, ფიფამ უარი თქვა საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატის გაცემაზე, იქამდე სანამ ჯარიმის გადახდა არ მოხდებოდა, შესაბამისად, გარიგება ჩაიშალა.

დიარას ადვოკატი, ჟან-ლუი დიუპონი, ამტკიცებდა, რომ დიარას უფლებები ირღვეოდა და ფიფას გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა ევროკავშირის კანონმდებლობას. ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა რომელიც წლების წინ დაიწყო, გასულ კვირას ევროპის იუსტიციის სასამართლოში დასრულდა, სადაც ლასანა დიარას სასარგებლოდ იქნა გადაწყვეტილება მიღებული! დასკვნაში ნათქვამია, რომ ფიფამ უარი თქვა საერთაშორისო სატრანსფერო სერთიფიკატის გაცემაზე, რაც ფეხბურთელს ხელს უშლიდა თავისუფალ გადაადგილებაში (სხვა კლუბში ტრანსფერში), რამაც ზიანი მიაყენა ფეხბურთელის კარიერას.
ამ გადაწყვეტილებით, ფიფა ვეღარ დაბლოკავს ფეხბურთელის ტრანსფერს კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, რამაც შეიძლება გრძელვადიანი შედეგები გამოიწვიოს საფეხბურთო ბაზარზე და მნიშვნელოვნად შეცვალოს ტრანსფერების განხორციელება. ფიფას მოუწევს შეცვალოს რეგლამენტი 17.2 მუხლი, მოთამაშეთა სტატუსისა და ტრანსფერის შესახებ, რომელიც ამჟამად ასახავს კომპენსაციას კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში.
მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღიარა, რომ სახელშეკრულებო სტაბილურობა აუცილებელია საფეხბურთო შეჯიბრებების შეუფერხებლად წარმართვისთვის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მოთამაშეებს არ შეუძლიათ უბრალოდ გაწყვიტონ კონტრაქტები და სხვაგან გააგრძელონ კარიერა.
გაურკვეველი რჩება, რა შედეგები მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაარეგულირებს ფიფა 17.2 მუხლს და გახდება თუ არა უფრო ხელსაყრელი მოთამაშეებისთვის და კლუბებისთვის კონტრაქტების შეწყვეტა.













