ბოლო წლებში, ჩელსის მიერ დახარჯული ასტრონომიული თანხები ყველას სასაუბრო თემად იქცა და ამ ყველაფერზე დღემდე ბევრს ლაპარაკობენ. გამონაკლისი არც 2025 წლის ზაფხული იყო, როდესაც ლონდონელებმა საკმაოდ სოლიდური ფული დახარჯეს, რასაც ფანების მხრიდან მორიგი კრიტიკა მოჰყვა.
ბევრ დახარჯულ ფულს, ბევრი გაუაზრებელი ტრანსფერი მოჰყვა, სწორედ ამიტომ ლონდონურ კლუბში დიდი ცვლილებები დაანონსდა. ჩელსისთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს.
ფილიპ იორგენსენი, ტოსინ ადარაბიოიო, ბენუა ბადიაშილე, აქსელ დისასი, ჯეიმი გიტენსი, ალეხანდრო გარნაჩო, მარკ გიუ, ნიკოლას ჯექსონი, ტაირიკ ჯორჯი და დავიდ დატრო ფოფანა — დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩელსის უფროსობა ამ ფეხბურთელების სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს და მაქსიმალურად შეეცდება, რომ არსებული შემადგენლობა გადაახალისოს.
დაანონსებული დიდი ცვლილებების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ჩელსის მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაც საკმაოდ დატვირთული ექნება, თუმცა ამჯერად "ლურჯების" ფანები იმედოვნებენ, რომ კლუბის უფროსობა შედარებით ხარისხიან ტრანსფერებს გააკეთებს და არსებულ შემადგენლობას რეალურად გააძლიერებს.













