ბოლო დღეების განმავლობაში, ჯანლუიჯი დონარუმა ყველა დიდი გამოცემისა თუ ჟურნალისტის სასაუბრო თემად იქცა. მას შემდეგ, რაც პარი სენ-ჟერმენმა ლუკას შევალიეს დამატება გადაწყვიტა, იტალიელი მეკარის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ პარიზული კლუბი და ჯანლუიჯი დონარუმა ახალ კონრაქტზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, ლუიშ კამპუშმა ახალი მეკარის დამატება გადაწყვიტა, სწორედ ამიტომ იტალიელი კიპერის გარშემო ბევრი კითხვა გაჩნდა.
ცნობილია პარი სენ-ჟერმენის პოზიცია — თუ მხარეები უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ვერ მოახერხებენ, პსჟ იტალიელი მეკარის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება. პარიზელებს მომავალ წელს ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ სურთ, შესაბამისად, მის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავენ.
ცნობილია ასევე ჯანლუიჯი დონარუმას პოზიციაც — იტალიელს პარიზული კლუბის დატოვება არ სურს და მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ლუკას შევალიეს დამატება. როგორც მასთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, 26 წლის მეკარე შეიძლება გუნდში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს და მომავალ წელს პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
რაც შეეხება დაინტერესებულ კლუბებს, იტალიელი მეკარის სიტუაციას ევროპული გუნდები ყურადღებით აკვირდებიან. მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი, გალათასარაი, ინტერი და სხვა. გავლენიანი გამოცემები ჯანლუიჯი დონარუმას ძალიან ბევრ კლუბს უკავშირებენ, თუმცა ამ მომენტისთვის ფეხბურთელის ტრანსფერზე არც ერთი ზემოხსენებული გუნდი არ მუშაობს. იტალიის ეროვნული ნაკრების პირველი ნომრის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია აგვისტოს თვეში გახდება ცნობილი, თუმცა, ერთი რამ ფაქტია, დიდი შანსია 2024/25 სეზონის საუკეთესო მეკარემ, ახალი სეზონი, ახალ გუნდში დაიწყოს.













