ედერსონ მორაესის მანჩესტერ სიტიდან წასვლა საკმაოდ აქტუალური თემაა, ხოსეპ გვარდიოლა მის შემცვლელად განიხილავს არა ჯანლუიჯი დონარუმას, როგორც აქამდე იყო ცნობილი, არამედ გიორგი მამარდაშვილს. ბრაზილიელი კარის დარაჯით ინტერესდება საუდის არაბეთის ერთ-ერთი კლუბი, რომელიც მას საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობს.
ესპანელ მწვრთნელს არ სურს მანჩესტერ სიტის ამჟამინდელი მეკარის გაყიდვა, თუმცა ის აანალიზებს იმ ფაქტს, რომ მისი ტრანსფერი შეიძლება მაინც შედგეს. "ქალაქელთა" სპეციალისტმა განაცხადა: "არ ვიცი, დარჩება თუ არა ედერსონი. მას კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც აქვს. ცხადია, მისი დარჩენა გამიხარდება.
სიტიმ უკანასკნელ წლებში დიდ წარმატებას მიაღწია და მორაესის როლი ამ ყველაფერში უდიდესი იყო. ბოლო შვიდი თუ რვა წლის განმავლობაში, ბრაზილიელი კარის დარაჯი მანჩესტერული გუნდის შეუცვლელი მოთამაშე იყო. დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯრის დახურვას, ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა 53 წლის ტაქტიკოსმა.
როგორც ვიცით, "ქალაქელების" განკარგულებაშია სტეფან ორტეგაც, რომელიც გუნდის ძირითად მეკარეს საკმაოდ წარმატებულად ცვლიდა, თუმცა მხოლოდ მის იმედზე ყოფნას პრემიერ ლიგის ჩემპიონები არ აპირებენ. დიახ, "ლურჯების" ძირითადი კარის დარაჯის წასვლის შემთხვევაში, კლუბში ახალი მეკარე მივა.
გვარდიოლას სიაში პირველ ნომრად ფიგურირებს ქართველი მეკარე, რომელმაც ლა ლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ, ავტორიტეტულ სპეციალისტზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელ ტაქტიკოსს მიაჩნია, რომ ფეხით თამაშის დახვეწის შემთხვევაში, ვალენსიას კარის დარაჯი თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იქნება.
"ღამურები" 23 წლის მეკარეს 40 მილიონ ევროდ აფასებენ და კლუბის ბიუჯეტის შევსების მიზნით, ისინი მის გაყიდვას სერიოზულად განიხილავენ. თავად "ლოს ჩეს" 25-ე ნომერს ძალიან ხიბლავს პეპთან მუშაობის პერსპექტივა და მიაჩნია, რომ ეტიჰადზე გადასვლა სრულფასოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ყველაფრის საწყისი წერტილი კი 30 წლის კარის დარაჯია, რომელიც საუდის არაბეთში გადასვლის შესახებ სერიოზულად ფიქრობს.















