ოფიციალურად: ენდი რობერტსონი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლივერპულს დატოვებს! ამის შესახებ მერსისაიდულმა კლუბმა განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
9-წლიანი ისტორია სრულდება, შოტლანდიელი ფეხბურთელი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
32 წლის ფეხბურთელი ლივერპულის დატოვებასთან ახლოს იანვარშიც იყო, როდესაც მის ტრანსფერზე ტოტენჰემი მუშაობდა, თუმცა გამოცდილმა განაპირა მცველმა ბოლო მომენტში ენფილდზე დარჩენა გადაწყვიტა და გარიგებაც ჩაიშალა. როგორც ცნობილი ხდება, "დეზები" საქმეში კვლავ რჩებიან და ზაფხულში ენდი რობერტსონის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.
რაც შეეხება სხვა დაინტერესებულ კლუბებს, როგორც ირკვევა ნაპოლი, იუვენტუსი და ატლეტიკო მადრიდი შოტლანდიელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს. მოსალოდნელია, რომ საქმეში სხვა გუნდებიც ჩაერთვებიან, რადგან ამხელა გამოცდილების მქონე ფეხბურთელის სრულიად უფასოდ დამატებას წესით და რიგით ბევრი კლუბი მოინდომებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ენდი რობერტსონის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













