რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, ენდრიკი რეალ მადრიდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს 100% დატოვებს, ბრაზილიელის ახალი კლუბი კი თითქმის ცნობილია.
როგორც ირკვევა, ლიონი ძალიან ახლოსაა როგორც სამფო კლუბთან, ისე ახალგაზრდა ფორვარდთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებასთან — საუბარია სეზონის ბოლომდე იჯარაზე (გამოსყიდვის უფლების გარეშე), რაც სამივე მხარეს აწყობს. ენდრიკს ფრანგულ კლუბში გადასვლა სურს და ამის თაობაზე პაულუ ფონსეკას უკვე ესაუბრა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 2026 წლის იანვარში 19 წლის ფორვარდის ტრანსფერი შედგება. საქმეში სხვა კლუბებიც არიან, თუმცა ამ მომენტისთვის ფავორიტი ცალსახად ლიონია.
ენდრიკის იჯარით გაშვება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სათამაშო დროის გაზრდა მოითხოვა, რაზეც ჩაბი ალონსოსგან უარი მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ წინ მსოფლიოს ჩემპიონატი გველოდება, ახალგაზრდა შემტევმა რეალის რამდენიმე თვით დატოვებაზე თანხმობა განაცხადა, რათა სეზონის ბოლომდე რაც შეიძლება ბევრი ითამაშოს და სამუნდიალო განაცხადში მოხვედრა მოახერხოს.













