გავლენიანი ბრიტანული გამოცემები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ — როგორც ირკვევა, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ როგორც კრისტიან რომერო, ისე მიკი ვან დე ვენიც ტოტენჰემის დატოვებას გეგმავს! ფეხბურთელები თვლიან, რომ ტოტენჰემში დარჩენა სწორი ნაბიჯი არ იქნება და ზაფხულში, მუნდიალის დასრულების შემდეგ გუნდის გამოცვლას შეეცდებიან.
კრისტიან რომერო, რომ ტოტენჰემის დატოვებას გეგმავდა ამის შესახებ გასულ წელსაც ბევრი იწერებოდა. გამოცდილი არგენტინელი მცველის ტრანსფერზე ატლეტიკო მადრიდი მუშაობდა და როგორც ირკვევა, ჩოლო სიმეონეს გუნდის ინტერესი კვლავ რეალურია. რაც შეეხება მიკი ვან დე ვენს, 24 წლის ნიდერლანდელის მიმართ ინტერესს ნახევარი ევროპა იჩენს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ ცენტრალურ მცველს მომდევნო სეზონის წინ ახალი გუნდის მოეძებნა არ გაუჭირდება.
ახლა კი რაც შეეხება ზემოხსენებული ფეხბურთელების სატრანსფერო ფასებს — ტოტენჰემი კრისტიან რომეროს დაახლოებით €50-60 მილიონად აფასებს, ხოლო მიკი ვან დე ვენს €80-90 მილიონად. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ამ ორი ფეხბურთელის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













