მოახლოვებული ევროტურნირების წინ, ქუთაისის ტორპედო გაძლიერებას იწყებს და ტრადიციულად, ხმაურიან ტრანსფერს გვთავაზობს.
LaGazzetta.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვლადიმერ მამუჩაშვილი კარიერას ტორპედოში გააგრძელებს.
მოგეხსენებათ, მამუჩაშვილი ტირასპოლის შერიფის ფეხბურთელი იყო, თუმცა აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ, ტორპედომ მისი ტრანსფერი ქართული კლუბებისთვის რეკორდულ თანხად გამოისყიდა. ტრანსფერი მალე დადასტურდება.
არადა, მამუჩაშვილი არამხოლოდ შერიფის ერთ-ერთი ლიდერი იყო, არამედ გასულ სეზონში ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. მან მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო და გუშინ შერიფის მაისურით პირველივე ტურში დუბლი გაიფორმა.
როგორც ჩანს, ტირასპოლელთა მაისურით ეს მისთვის ბოლო გოლები იყო და ის ამიერიდან ტორპედოს სახელით გააგრძელებს ასპარეზობას.
27 წლის ფეხბურთელმა ივნისში საქართველოს ნაკრებშიც ითამაშა. მან კაბო-ვერდესთან და ფარერებთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ისე კი, ნაკრების მაისურით 12 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ტორპედო ამაზე გაჩერებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში საინტერესო ტრანსფერების გაკეთებას აპირებს, რაზეც ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით. შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმერული კლუბის მეტოქე ორდაბასია.













