როგორც რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ, ფლორიან ვირცი ლევერკუზენის დასატოვებლად ემზადება და ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, გერმანელი ფეხბურთელი ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
ფლორიან ვირცის ტრანსფერზე ბაიერნი უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს და დღევანდელ დღემდე ფავორიტებიც ალიანც არენას ბინადრები იყვნენ, თუმცა ბოლო საათებში 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციები გავრცელდა — როგორც ირკვევა, მანჩესტერ სიტი და ლივერპული საქმეში არიან და ისინი ტრანსფერის დასახურად ყველაფერს გააკეთებენ! დიახ, როგორც "ქალაქელები", ისე მერსისაიდელებიც ამ გარიგებაზე მუშაობენ, მეტიც, ორივე კლუბის წარმომადგენლები ფლორიან ვირცის აგენტს უკვე შეხვდნენ, სადაც პოტენციურ ტრანსფერზე შედგა საუბარი.
ბაიერნში სჯერათ, რომ ფეხბურთელის ტრანსფერს მაინც დახურავენ, რადგან როგორც ცნობილია, ფლორიანს კარიერის გაგრძელება "რეკორდმაისტერში" სურს, თუმცა ფაქტია გერმანელი "ათიანის" დამატებას სხვა კლუბებიც ცდილობენ. როგორც ჩანს რეალ მადრიდის ინტერესი ინტერესად დარჩა, რადგან სამეფო კლუბი საქმიდან უკვე გავიდა. უახლოეს დღეებში ფლორიან ვირცის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. ლევერკუზენს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი მინიმუმ €120 მილიონს გადაიხდის, "ფარმაცევტები" გარიგებას ხელს არ შეუშლიან.













