დადასტურებულად — ფლორიან ვირცს კარიერის გაგრძელება მხოლოდ და მხოლოდ ბაიერნში სურს! ამ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული წყაროები კიდევ ერთხელ ადასტურებენ. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა გერმანელმა რეალ მადრიდსა და მანჩესტერ სიტის უარი უკვე უთხრა. ფეხბურთელისთვისა და მისი ოჯახისთვის პრიორიტეტული მიუნხენურ გრანდში გადაბარგებაა, რაც "რეკორდმაისტერს" საქმეს საგრძნობლად უმარტივებს.
ბაიერნი ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მეტიც, მხარეებს შორის ახალი კონტაქტი გასულ კვირებში შედგა, რა დროსაც პოტენციურ ტრანსფერზე გაიმართა საუბარი. ვირცის მამამ, რომელიც ფეხბურთელის აგენტიცაა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა ბაიერნის ხელმძღვანელობას, რომ მის ვაჟსს კარიერის გაგრძელება სხვა კლუბში არ სურს. ბაიერნი უახლოეს კვირებში ლევერკუზენთან დაიწყებს ამ გარიგებაზე მუშაობას — როგორც ცნობილი ხდება, "რეკორდმაისტერი" 22 წლის ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში დაახლოებით €25 მილიონს სთავაზობს.
რა პოზიცია აქვს ლევერკუზენს? "ფარმაცევტებს" ფეხბურთელის გაყიდვა არ სურთ, თუმცა თუ რომელიმე კლუბი დაახლოებით €120 მილიონს გადაიხდის, ისინი ტრანსფერს არ დაბლოკავენ და ფლორიან ვირცს შეელევიან. როგორც ჩანს რეალ მადრიდისა და მანჩესტერ სიტის ინტერესი ინტერესად დარჩება, რადგან გერმანელ "ათიანს" მხოლოდ ბაიერნში სურს თამაში.













