ნაპოლის აქტიური ზაფხული გრძელდება — ანტონიო კონტეს გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. "პარტენოპეიმ" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე 6 ფეხბურთელის დამატება უკვე მოახერხა, თუმცა იტალიის ჩემპიონი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ხუანლუ სანჩესი სევილიადან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც 21 წლის მარჯვენა მცველი იტალიაში გაემგზავრება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. "პარტენოპეი" ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის სანაცლოდ დაახლოებით €17 მილიონს გადაიხდის.
ხუანლუ სანჩესი სევილიას აკადემიის აღზრდილია, პირველი გუნდის ღირსებას კი 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 74 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 6 გოლი და 8 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
რაც შეეხება ნაპოლიდან წამსვლელ ფეხბურთელს, ჯოვანი სიმეონე კარიერას ტორინოში გააგრძელებს. მხარეებმა ყველაფერი შეათანხმეს, 30 წლის არგენტინელ ფორვარდს ტურინში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებაა ჩანიშნული. ტორინო გამოცდილი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით €7-8 მილიონს გადაიხდის.
სტატიის ბოლოში გეტყვით, რომ ნაპოლი სანჩესზე გაჩერებას არ აპირებს და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, მინიმუმ 1 ან 2 ფეხბურთელს კიდევ დაიმატებს.













