არსენალი და სპორტინგი ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ. იმის მიუხედავად, რომ ლონდონურ კლუბსა და შვედ ფორვარდს შორის შეთანხმება არსებობს, კლუბები გარიგების დახურვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. არსენალი 27 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €65-70 მილიონს იხდის (ბონუსების ჩათვლით), როცა პორტუგალიური კლუბი მინიმუმ €80 მილიონს ითხოვს.
იმის ფონზე, რომ სპორტინგი ფეხბურთელს არსენალში არ უშვებს, ვიქტორ გიოკერეშმა პროტესტის ფორმას მიმართა და გუნდს პრე-სეზონზე არ შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტმა მედიასთან ისაუბრა:
"ჩვენ ამ სიტუაციას ძალიან მშვიდად ვუყურებთ. ყველაფერი გადაწყდება სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე, რასაც დიდი ჯარიმა და გუნდისთვის ბოდიშის მოხდაც მოჰყვება. თუ ფეხბურთელით დაინტერესებულ კლუბებს არ სურთ ვიქტორის სანაცვლოდ ჩვენ მიერ მოთხოვნილი, სამართლიანი სატრანსფერო თანხის გადახდა, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რადგან ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ სამი წლით აკავშირებს.
თუ ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი ჩემზე ზეწოლას მოახდენს, გეტყვით რომ ძალიან ცდებიან, მეტიც, მოთამაშის წასვლას კიდევ უფრო ართულებენ. არავინ დგას კლუბის ინტერესებზე მაღლა, ეს რომელი ფეხბურთელიც არ უნდა იყოს."
შვედი ფორვარდი იმედოვნებს, რომ არსენალი შეთავაზებას გაზრდის და მისი ტრანსფერი უახლოეს პერიოდში დაიხურება. სპორტინგში კი ახალ შეთავაზებას მშვიდად ელოდებიან.













