როგორც რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, მილანმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. "როსონერი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაახლოებით 6-7 ახალ ფეხბურთელს დაიმატებს, თუმცა ამ სტატიაში პოტენციურ ტრანსფერებზე არ ვისაუბრებთ, არამედ იმ ფეხბურთელების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც მაქს ალეგრის გეგმებში არ შედიან და ზაფხულში მილანს 100% დატოვებენ.
ფილიპო ტერაჩანო, იუნუს მუსა, ტომაზო პობეგა, ისმაელ ბენასერი, სამუელ ჩუკვუეზე, ლორენცო კოლომბო, ალვარო მორატა, სანტიაგო ხიმენესი — ეს ფეხბურთელები ახალ სეზონს აუცილებლად ახალ გუნდებში დაიწყებენ. ამ სიიდან უმეტესობა ამ მომენტისთვის იჯარით სხვა გუნდში ირიცხება, მათი უკან, მილანში დაბრუნება კი არ განიხილება.
რაც შეეხება ლორენცო ტორიანის, პერვის ესტუპინიანს, ვარენ ბონდოს, იუსუფ ფოფანას, ნიკლას ფიულკრუგსა და კრისტოფერ ნკუნკუს, მათი საკითხი სეზონის ბოლოს გადაწყდება. არის შანსი ამ შემადგენლობიდან რამდენიმე მათგანი "როსონერიში" დარჩეს.
და ბოლოს, ლუკა მოდრიჩი, ხორვატი ლეგენდა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მუნდიალის დასრულების შემდეგ მიიღებს. მაქს ალეგრი იმედოვნებს, რომ ვეტერანი ნახევარმცველი გუნდში კიდევ ერთი სეზონი დარჩება.
ზემოხსენებული სიახლეების ფონზე, მარტივად მისახვედრია, რომ მილანს საკმაოდ დატვირთული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ექნება.













