იმის მიუხედავად, რომ იუვენტუსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ორი ახალი ფორვარდი დაიმატა, კლუბში დუშან ვლაჰოვიჩის თაობაზე საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს. "ბიანკონერი" სერბი ფორვარდის შენარჩუნებას სეზონის ბოლომდე გეგმავს და ზამთარში 25 წლის ფეხბურთელს არ გაყიდის. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას არ ექვემდებარება.
იმის მიუხედავად, რომ სერბ ფორვარდს კლუბთან არსებული კონტრაქტი სწორედ სეზონის ბოლოს ეწურება, იუვენტუსში მზად არიან ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეინარჩუნონ და შემდეგ უფასოდ გაუშვან.
ზემოხსენებული გადაწყვეტილების უკან დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი დგას, რომელსაც დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნება სურს. როგორც ირკვევა, თავად სერბი ფორვარდიც თავს კარგად გრძნობს იუვენტუსში, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას ისიც დადებითად შეხვდა.
შეგახსენებთ, დუშან ვლაჰოვიჩის წლიური ანაზღაურება €12 მილიონია, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე უკვე რამდენიმე თვეა რაც აღარ მუშაობენ.













