გალათასარაის 27 წლის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.
სპალეტისთან ურთიერთობაზე...
- ხალხი წლების განმავლობაში იმას ამბობდა, რომ ჩვენ ხშირად ვკამათობდით, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის თვეების განმავლობაში დღე და ღამე მუშაობდა, რათა დაგვეჯერებინა, რომ შეგვეძლო სკუდეტოს მოგება.
მისი დამსახურებით მე, კიმი, ანგისა და კვარა ფორმის პიკში შევედით, რითაც ნაპოლის დავეხმარეთ და ნანატრი სკუდეტო მოვიგეთ.
იუვენტუსში ჩაშლილ ტრანსფერზე...
- გალათასარაისთან მოლაპარაკებების დაწყებამდე, კრისტიანო ჯუნტოლიმ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი დამატება სურდა. იუვენტუსში რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე, საკმაოდ ძლიერი ინტერესი იყო და პოტენციურ ტრანსფერზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ აურელიო დე ლაურენტისი იუვენტუსში არ გამიშვებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერესი ნამდვილად იყო, მათ ჩემი ყიდვა სურდათ და როდესაც იუვე გირეკავს, ყველაფრის მიუხედავად, უნდა დაჯდე და ყურადღებით მოუსმინო.
ნაპოლიდან წამოსვლაზე...
- ვწუხვარ გულშემატკივრების გამო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ არასდროს მისაუბრია მომხდარზე. ზოგიერთი მათგანი ჩემს სახლში მოვიდა და ახსნა-განმარტებებს ითხოვდა. ჩვენ ვისაუბრეთ და ვთხოვე, რომ ჩემს ადგილას წარმოედგინათ თავი.
ფანები გულწრფელად მეცოდებიან, ისინი ყოველთვის გულშემატკივრობენ კლუბს. მათთვის ნაპოლი პირველ ადგილზეა.
დე ლაურენტისთან ურთიერთობაზე...
-ჩვენ ჯენტლმენური შეთანხმება გვქონდა, რომ ზაფხულში ნაპოლიდან შემეძლო წასვლა, მაგრამ მეორე მხარემ ბოლომდე არ შეასრულა თავისი დაპირება. ძალიან ცუდად მექცეოდნენ, გააკეთე ის, გააკეთე ეს... იმდენი ვიშრომე კარიერული წინსვლისთვის, რომ ასეთი მოპყრობა არ დამიმსახურებია, შესაბამისად, ამ ყველაფერს არ შევეგუე, მე მარიონეტი არ ვარ.













