ამ თემასთან დაკავშირებით კლუბის დირექტორმა მაქს ებერლმა ისაუბრა:
"ეს გადაწყვეტილება ბაიერნის კარგი მომავლისთვის მივიღეთ. ზაფხულში დიდი ცვლილებები იგეგმება და ეს გადაწყვეტილებაც ამის ნაწილია. ფინანსური მხარე არაფერ შუაშია და კარგად მესმის მიულერის გაბრაზების. მასთან საუბრის შემდეგ, მისი გაბრაზება მოსალოდნელი იყო, რადგან ვიცი, რომ დარჩენა სურდა, თუმცა ჩვენ მივიღეთ სუფთა სპორტული გადაწყვეტილება და მას ახალი კონტრაქტი არ შევთავაზეთ.
ჩემთვისაც მძიმე მომენტი იყო. სამი დღის განმავლობაში იმდენად ვინერვიულე, დაძინებაც კი ვერ მოვახერხე. ჩვენ ახალ კონტრაქტზე რამდენიმე თვე ვსაუბრობდით, თუმცა ეს პროცესი ძალიან გაიწელა. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მიგვეღო."
თომას მიულერი ბაიერნის აკადემიის აღზრდილია, 2009 წლიდან კი პირველ გუნდში ასპარეზობს. გერმანელმა ამ დროში 743 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 247 გოლი და 273 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელმა ბაიერნთან ერთად 32 ტიტულის მოგებაც მოახერხა.













