ცნობილი ხდება, თუ როდის შედგება კილიან მბაპეს პრეზენტაცია მადრიდის რეალში. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ თარიღამდე იქნება საფრანგეთის ეროვნული გუნდი ევრო 2024-ზე, "სამეფო კლუბის" ახალწვეული ფორვარდის წარდგენა ნებისმიერ შემთხვევაში 16 ივლისს იგეგმება. პრეზენტაციის ადგილი: სანტიაგო ბერნაბეუ.
ღონისძიებას დაესწრება 80 ათასი ადამიანი და ყველაფერი დაახლოებით ისე იქნება, როგორც კრიშტიანუ რონალდუს წარდგენის დროს, 2009 წლის ზაფხულში იყო. ფრანგი ფორვარდი დილით გაივლის სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ კი უშუალოდ ღონისძიებაზე გადაერთვება. სცენაზე ამოვა ფლორენტინო პერესიც, რომელიც 25 წლის ფორვარდს 9-ნომრიან მაისურს გადასცემს.
მბაპე აღნიშნული ნომრით ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს, შემდეგ კი ლუკა მოდრიჩის ათ ნომერს აიღებს. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული პორტუგალიელი ფორვარდიც "ბლანკოსში" გატარებულ სადებიუტო სეზონში ატარებდა 9 ნომერს, რაულ გონსალესის წასვლის შემდეგ კი, მან თავისი საყვარელი 7 ნომერი აიღო.

















