იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ზაფხულის პოტენციურ დიდ ტრანსფერებზე საუბარი უკვე შეგვიძლია. მუნდიალის წელს დიდი შანსია რამდენიმე ტოპ გარიგება განხორციელდეს, შესაბამისად, წინ საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა გველოდება.
ლაიფციგი, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია, ეს დიდწილად იან დიომანდეს დამსახურებაა. 19 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 9 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა, რაც საკმაოდ სოლიდური სტატისტიკაა, ამ ყველაფერმა კი რა თქმა უნდა დიდი კლუბების ინტერესი გამოიწვია.
ბაიერნი, ლივერპული, ჩესლი, არსენალი, ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი — ექვსივე კლუბის ინტერესი რეალური და დადასტურებულია. ამ გუნდების გარდა იან დიომანდეს სხვებიც ყურადღებით აკვირდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში 19 წლის კოტ-დ'ივუარელი ფეხბურთელის ტრანსფერი გარდაუვალია.
ლაიფციგის პოზიცია ცნობილია — რედ ბულის ორგანიზაციაში შემავალ კლუბს ახალგაზრდა ფეხბურთელის შენარჩუნება კიდევ ერთი სეზონით სურს, თუმცა თუ რომელიმე კლუბი ზაფხულში დაახლოებით €80/90 მილიონს მაინც გადაიხდის, ისინი იან დიომანდეს ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, 19 წლის ვინგერის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













