ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილქაი გიუნდოგანმა შესაძლოა კარიერა თურქეთის სუპერ ლიგაში გააგრძელოს. როგორც ირკვევა, გალათასარაი ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელით სერიოზულად ინტერესდება, მეტიც, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. თურქული გრანდი 34 წლის ნახევარმცველს სოლიდურ ხელფასსა და მინიმუმ 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.
ილქაი გიუნდოგანს მანჩესტერ სიტისთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €10 მილიონია. ამ მომენტისთვის უცნობია პეპ გვარდიოლას ფეხბურთელის შენარჩუნება სურს თუ არა, თუმცა მას შემდეგ, რაც გუნდმა ტიჯანი რეინდერსი და რაიან შერკი დაიმატა, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ გიუნდოგანის სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდეს.
შეგახსენებთ, გალათასარაიმ სულ რამდენიმე საათის წინ ლეროი ზანეს ტრანსფერიც დახურა. რაც შეეხება ვიქტორ ოსიმენს, თურქული კლუბი ნიგერიელის შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს.













