რამდენიმე დღის წინ როგორც გაცნობეთ, სეზონის ბოლოს რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, იან ზომერი ინტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. "ნერაძური" ვეტერან შვეიცარიელ მეკარეს ახალ კონტრაქტს არ შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026/27 სეზონში მილანურ გრანდს ახალი პირველი ნომერი ეყოლება.
კლუბში რამდენიმე კანდიდატურას უკვე განიხილავენ, თუმცა როგორც ინტერთან დაახლოებული წყაროები წერენ, კრისტიან კივუსა და ბეპე მაროტას მთავარი სამიზნე გულიელმო ვიკარიოა!
ტოტენჰემის იტალიელი მეკარის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია. "ნერაძურიში" ფიქრობენ, რომ 29 წლის გამოცდილი კარის დარაჯი იან ზომერს იდეალურად შეცვლის.
ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ როდესაც ანდრე ონანამ ინტერი დატოვა, მილანური კლუბი სწორედ გულიელმო ვიკარიოს დამატებას გეგმავდა, თუმცა მაშინ ტოტენჰემმა ყველა აჯობა და იტალიელის ტრანსფერიც დახურა.
გულიელმო ვიკარიოს ტოტენჰემთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €25-30 მილიონია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ინტერის ახალ პოტენციურ პირველ ნომერზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. "ნერაძურიში" ვიკარიოს გარდა სხვა მეკარეებსაც ყურადღებით აკვირდებიან.













