პარიზულ კლუბში ჯანლუიჯი დონარუმას პერფორმანსით დიდად კმაყოფილი არ არიან. პრობლემაა მისი კონტრაქტიც, რადგან პსჟ ფეხბურთელს წელიწადში დაახლოებით €10 მილიონს უხდის, რაც ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კიდევ უფრო ართულებს — 25 წლის მეკარის წარმომადგენლები ხელფასის შემცირებაზე თანახმა არ არიან. იტალიაში დონარუმას მიმართ ინტერესს ინტერი უკვე იჩენს და ზაფხულში იტალიელი პარიზს თუ დატოვებს, ნერაძური მზად იქნება ტრანსფერზე მუშაობა დაიწყოს. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც, თუმცა როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ჯიჯო იტალიაში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს.

პარიზულ გრანდს დონარუმას შემცვლელი შერჩეული უკვე ჰყავს — ლუკას შევალიე, ლილის 23 წლის მეკარე, პსჟ-ს #1 სამიზნეა. ლუიშ კამპუშს ახალგაზრდა ფრანგი ძალიან მოსწონს და უახლოეს თვეებში მოსალოდნელია, რომ ტრანსფერზე მუშაობაც დაიწყება.
შევალიე ლილის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავს და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარეც არის. ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად მისი დამატება არც ისე მარტივი იქნება.













