რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტიდან კარიერას ევერტონში გააგრძელებს. მხარეებმა გარიგების ბოლო დეტალები შეათანხმეს, 29 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. მხარეებს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება.
ჯეკ გრილიში, რომ მანჩესტერ სიტის დატოვებას გეგმავდა, ამის შესახებ რამდენიმე თვის წინ მოგახსენეთ. ინგლისელი შემტევი პეპ გვარდიოლას გეგმებში არასდროს შედიოდა, შესაბამისად, ფეხბურთელის სიტიდან წასვლა უბრალოდ დროის საკითხი იყო. განიხილებოდა საუდის ლიგაში გადაბარგებაც, თუმცა გრილიშს პრემიერ ლიგის დატოვება არ სურდა.
ჯეკ გრილიში მანჩესტერ სიტის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 157 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 17 გოლი და 23 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.













