კივინ კელეჰერის დაანონსებული ტრანსფერი დაიხურა — ირლანდიელი მეკარე ლივერპულიდან კარიერას ბრენტფორდში გააგრძელებს! მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, 26 წლის კარის დარაჯი მარკ ფლეკენს შეცვლის, რომელიც ლევერკუზენში გადადის. ბრენტფორდს კელეჰერის ტრანსფერი ბონუსების ჩათვლით დაახლოებით €21 მილიონი დაუჯდება.
ლივერპულში ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და ამ სიაში, რომ კივინ კელეჰერიც შედიოდა, ეს თვეების წინ გახდა ცნობილი. ირლანდიელის გაყიდვა პირველ რიგში გიორგი მამარდაშვილის გამო გადაწყდა — შეგახსენებთ, ქართველმა მეკარემ ვალენსია უკვე დატოვა და ლივერპულს პრე-სეზონის დროს შეუერთდება. რაც შეეხება ალისონ ბეკერს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდება, ბრაზილიელი მეკარე ლივერპულში დარჩება.
კივინ კელეჰერი ლივერპულის აკადემიის აღზრდილია, 2019 წლიდან მოყოლებული კი პირველი გუნდის ღირსებას იცავდა. ამ დროში ირლანდიელმა 67 მატჩის ჩატარება მოასწრო, კარის მშრალად შენახვა კი 24-ჯერმოახერხა.













