კოპა ამერიკაზე ნაჩვენები საოცარი პერფორმანსის შემდეგ, ხამეს როდრიგესი ახალ გამოწვევას ეძებს — 33 წლის ფეხბურთელი სან-პაულუს უახლოეს დღეებში დატოვებს და როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, ხამესს ევროპაში დაბრუნება სურს.
ბოლო ევროპული გუნდი, სადაც გამოცდილი კოლუმბიელი ფეხბურთელი თამაშობდა, ბერძნული ოლიმპიაკოსი იყო, სადაც არასრული ერთი სეზონის გატარება მოასწრო. შემდეგ იყო ბრაზილია და სან-პაულუ, სადაც მისი კარიერა არც ისე კარგად წარიმართა. კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ ფეხბურთელი ბრაზილიის დატოვებას გეგმავს და მიზანი ევროპაში დაბრუნებაა... ამასობაში კი, რამდენიმე გუნდი ხამესით ინტერესდება.
საქმეში ძირითადად ესპანური კლუბები არიან, რომლებმაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს — სელტა ვიგო ხამესს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და ფეხბურთელის პასუხის მოლოდინშია. მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც, რადგან ასეთი დონის ფეხბურთელის უფასოდ დამატება, დიდი ალბათობით ბევრის გეგმებში იქნება. ასევე იწერება ვილიარეალის, ბეტისის, ლაციოს, ბრაიტონის, ნოტინგემ ფორესტისა და ატლეტიკო მადრიდის ინტერესზეც.
უახლოეს პერიოდში ხამეს როდრიგესის თაობაზე უფრო მეტ დადასტურებულ სიახლეს ველოდებით.
La Liga
ხამეს როდრიგესი ევროპაში დაბრუნებას გეგმავს — საქმეში 5 გუნდზე მეტია













