იმის მიუხედავად, რომ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი, ზაფხულის პოტენციურ დიდ ტრანსფერებზე საუბარი უკვე შეგვიძლია. მუნდიალის წელს დიდი შანსია რამდენიმე ტოპ გარიგება განხორციელდეს, შესაბამისად, წინ საინტერესო სატრანსფერო ფანჯარა გველოდება.
მიმდინარე სეზონში, ტოპ ლიგების მასშტაბით რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა განსაკუთრებულად შეგვიძლია — ამ სიაშია ატლეტიკო მადრიდის ფორვარდი ხულიან ალვარესიც, რომელიც კარგ ფორმაშია. 26 წლის არგენტინელი შემტევის ანგარიშზე 13 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა და დროის გასვლასთან ერთად, მადრიდული გრანდის უდავო ლიდერადაც ჩამოყალიბდა.
ბოლო დღეების განმავლობაში, ხულიან ალვარესი აქტიურად ბარსელონას დაუკავშირეს, მეტიც, რამდენიმე არგენტინული წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის "ბლაუგრანაში" ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ინფორმაცია როგორც ფეხბურთელის წარმომადგენელმა, ისე ატლეტიკო მადრიდთან დაახლოებულმა ჟურნალისტებმაც უარყვეს.
ტრანსფერი დროის საკითხი ნამდვილად არაა, მაგრამ ბარსელონას ინტერესი არგენტინელის მიმართ ნამდვილად რეალურია. საქმეშია პარი სენ-ჟერმენიც, რომლის ინტერესზეც რამდენიმე კვირის წინ დავწერეთ.
ზემოხსენებული კლუბების გარდა, ხულიან ალვარესის სიტუაციას სხვებიც ყურადღებით აკვირდებიან და მომდევნო თვეებში მოსალოდნელია, რომ უფრო მეტადაც გააქტიურდებიან.
როგორია ატლეტიკო მადრიდის პოზიცია? ჩოლო სიმეონეს არგენტინელი შემტევის შენარჩუნება სურს, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან მის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია. რაც შეეხება არგენტინელის სატრანსფერო ფასს, 26 წლის ფეხბურთელის ღირებულება დაახლოებით €150 მილიონია, რაც საკმაოდ დიდი თანხაა.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ხულიან ალვარესის თაობაზე უფრო მეტი დაზუსტებული ინფორმაცია გახდება ცნობილი.













