ბოლო პერიოდში ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილის შესახებ არაერთ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ბევრი გამოცემის აზრით, ვალენსიას ქართველი მეკარის შენარჩუნება მომდევნო სეზონშიც სურს, რაზეც როგორც იწერება გიორგი მამარდაშვილიც თანახმაა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრს საუბრობენ ინგლისშიც, სადაც დაზუსტებული ინფორმაცია როგორც ჩანს არ აქვთ.
რა ხდება რეალურად?
დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გიორგი მამარდაშვილს ვალენსიაში დარჩენა აღარ სურს, მეტიც, 24 წლის მეკარე ლივერპულთან ერთად პრე-სეზონის გავლასა და მომდევნო სეზონში პირველი ნომრობისთვის ბრძოლას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ისაუბრა, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ვალენსიას დატოვებს და ლივერპულს შეუერთდება. დღეს, 25 აპრილს, სიტუაცია არ შეცვლილა და გიორგი მამარდაშვილი იგივე გეგმაც მიჰყვება.
ამ მომენტისთვის უცნობია რა ბედი ელის ალისონ ბეკერს, რადგან ბრაზილიელი მეკარის შესაძლო წასვლაზე ჯერჯერობით არაფერი იწერება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, როგორც ალისონის, ისე მამარდაშვილის თაობაზეც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. დღევანდელი მოცემულობით, დიდი შანსია ორივე მეკარე ლივერპულში დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025/26 სეზონში მერსისაიდულ გრანდს ორი უმაღლესი დონის მეკარე ეყოლება.













