როგორც რამდენიმე კვირის წინ უკვე მოგახსენეთ, მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ანდრე ონანას გაყიდვას შეეცდება. კლუბი კამერუნელი კიპერის სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუბენ ამორიმის გუნდი ახალ მეკარეს აუცილებლად დაიმატებს.
მეკარის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა უკვე განიხილება და როგორ ირკვევა სიას კიდევ ერთი ფეხბურთელიც დაემატა, კერძოდ ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი. ტორინოს 28 წლის მეკარის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია. მანჩესტერის უფროსობა სერბი მეკარის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა, სადაც მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრეს.
ვანია მილიკოვიჩ-სავიჩი სეზონის ბოლოს ტორინოს დატოვებს. სერბი მეკარე ახალ გამოწვევას ეძებს და მისთვის პრიორიტეტი ტოპ კლუბში გადასვლაა. გამოცდილ მეკარეს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით €25 მილიონია.
მანჩესტერ იუნაიტედს ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოლდ ტრაფორდის ბინადრებს წინ საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდებათ. უახლოეს პერიოდში "წითელ ეშმაკებთან" დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













