როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიის ჩემპიონატი უკვე დასრულდა და გუნდებმა ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყეს. მას შემდეგ, რაც სანტოსი ქვედა დივიზიონში გავარდნას გადაურჩა, კლუბის უფროსობამ მთავარ მიზნად ნეიმარის შენარჩუნება დაისახა, თუმცა მხარეები ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.
შეგახსენებთ, 33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და მისი დამატება ნებისმიერ გუნდს შეუძლია, სანტოსი კი ყველაფერს აკეთებს მათი ლიდერის შესანარჩუნებლად.
რა სიტუაციაა ნეიმარის გარშემო?
ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, ნეიმარს სანტოსში დარჩენა სურს, თუმცა საქმეში სხვა ბრაზილიური კლუბიცაა. საუბარია მიმდინარე სეზონის გამარჯვებულ ფლამენგოზე, რომელიც ნეიმარის ტრანსფერზე ოფიციალურად მუშაობს!
დიახ, ფილიპე ლუისს გამოცდილი ბრაზილიელი შემტევის დამატება ძალიან სურს, რასაც ფეხბურთელების ძალისხმევაც ემატება — როგორც იწერება, ფლამენგოს მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ ნეიმარის დასაყოლიელებლად, რათა სანტოსში არ დარჩეს და მათ შეუერთდეს.
მეორეს მხირვ, სანტოსში სჯერათ, რომ ნეიმარის შენარჩუნება შეუძლიათ და მას გაუმჯობესებულ 1-წლიან კონტრაქტსაც სთავაზობენ, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, არც ფლამენგო აპირებს დანებებას და ბრაზილიელის უფასოდ გაფორმებას შეეცდება.
უახლოეს კვირებში ნეიმარის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













