რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, კინგსლი კომანი ბაიერნიდან კარიერას ალ ნასრიში გააგრძელებს! მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც 29 წლის ვინგერი საუდიში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ალ ნასრი კინგსლი კომანის სანაცვლოდ დაახლოებით €30-35 მილიონს გადაიხდის.
იმის მიუხედავად, რომ ვენსან კომპანის კინგსლი კომანის შენარჩუნება სურდა, საუდის კლუბის შეთავაზებაზე უარი ვერც ფეხბურთელმა თქვა და ვერც ბაიერნმა, შესაბამისად, გარიგება დაიხურა.
კინგსლი კომანი ბაიერნის ღირსებას 2015 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 339 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 72 გოლი და 71 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ალ ნასრი კინგსლი კომანს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













