იტალიურმა კლუბებმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადება უკვე დაიწყეს და მათ გარშემო რამდენიმე საინტერესო სიახლე უკვე გავრცელდა.
ინტერთან დაახლოებულ წყაროებს თუ დავუჯერებთ, "ნერაძური" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარჯვენა ვინგბექს აუცილებლად დაიმატებს, რადგან დენზელ დუმფრისი როგორც მინიმუმ მარტამდე მოედანზე ვერ დაბრუნდება, თუმცა ამ სტატიაში კრისტიან კივუს გუნდის პოტენციურ ახალ ტრანსფერზე არ ვისაუბრებთ, არამედ იმ ფეხბურთელზე მოგიყვებით, რომელიც ჯუზეპე მეაცას დატოვებას სერიოზულად განიხილავს.
ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფან დე ვრაი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინტერის დატოვებას გეგმავს, ამის მიზეზი კი ცნობილია — როგორც ირკვევა, 33 წლის ფეხბურთელი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და იმის ფონზე, რომ წინ მუნდიალი გველოდება, ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველს საუკეთესო ფორმაში შესვლა და მეორე წრეში რაც შეიძლება მეტის თამაში სურს, შესაბამისად, გამოცდილი ფეხბურთელი ისეთ გუნდს ეძებს, სადაც ზემოხსენებულ მოთხოვნებს დაუკმაყოფილებენ.
იმის მიუხედავად, რომ კრისტიან კივუს სტეფან დე ვრაის შენარჩუნება სურს, ფეხბურთელის აგენტი რამდენიმე კლუბს უკვე დაუკავშირდა და მისი კლიენტი შესთავაზა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ რაღაც 13 დღეა დარჩენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 33 წლის ფეხბურთელის თაობაზე უახლოეს კვირებში უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













