სერია ა-ს მესამე ტურში ნაპოლიმ პარმას უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში მეტოქე 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ვიქტორ ოსიმენს, რომელიც კვლავ "პარტენოპეის" ფეხბურთელია. 25 წლის ნიგერიელის ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, ფეხბურთელსა და კლუბს შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ცნობილი გახდა, რომ ნაპოლიმ ოსიმენი პირველი გუნდიდან მოკვეთა და როგორც ჩანს, ანტონიო კონტე დე ლაურენტისის გადაწყვეტილებას არ შეცვლის.
"ვინც კლუბის გეგმებში არ შედიან, ისინი პროექტს მიღმა დარჩებიან. ჩვენ გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ და მე არაფრის შეცვლას არ ვგეგმავ", - კონტეს კომენტარი ოსიმენთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, ოსიმენის პრობლემები გრძელდება. უახლოეს დღეებში ნიგერიელი ფორვარდის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, უფრო მეტ სიახლეს შევიტყობთ — საუდის არაბეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა...