ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიდან წასვლისა და ახალ გუნდში გადასვლის შანსები დღითიდღე იზრდება. მისი შეძენით ისეთი დიდი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიც პსჟ, ნიუკასლი, ჩელსი, ლივერპული და მანჩესტერ იუანიტედია.
LaGazzetta.ge-სთან საუბარში, ქართევლმა მწვრთნელებმა კვარას გარშემო მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთეს. მათ შორის, იმ მწვრთნელებმაც ისაუბრეს, რომელთაც კვარაცხელიასთან უშუალოდ აქვთ ნამუშევარი.
გია გეგუჩაძე: "მთავარი ისაა, რომ კვარა ტოპ კლუბში მოხვდეს. თუ სად ჯობია გადასვლა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ სადაც არ უნდა გადავიდეს, მთავარია სათამაშო დრო ჰქონდეს და ძირითადის ფეხბურთელი იყოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ხვიჩა დიდ გუნდებში წარმატებით ითამაშებს. იტალიურ, ინგლისურ და ფრანგულ ფეხბურთს შორის განსხვავებაა. პსჟ შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც კვარასთვის კარგია. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯობია მოვიცადოთ და თავად ფეხბურთელს ვანდოთ გადაწყვეტილების მიღება."
ლევან კორღალიძე: "თუ ადრე სხვა აზრზე ვიყავი და მინდოდა კვარა ნაპოლიში კიდევ 2-3 წელი დარჩენილიყო, ამჟამინდელი გადმოსახედით მგონია, რომ ნაპოლი უნდა დატოვოს. ხვიჩა იტალიაზე და ნაპოლიზე მაღალი დონის გუნდს იმსახურებს. ესპანეთი და ინგლისი უფრო მაღალი დონეა, ვიდრე იტალია. იმ გუნდებიდან, საიდანაც მას შემოთავაზება აქვს, კვარას ადგილას რომ ვიყო, ლივერპულში გადავიდოდი. სადაც არ უნდა გადავიდეს, ხვიჩას დიდ წარმატებებს ვუსურვებ."

გია ცეცაძე: "თუ შანსია, კვარაცხელია ნაპოლიდან დღესვე უნდა წავიდეს. თუ ტოპ გრანდში ზაფხულში გადავა, ქვეყანა არ დაინგრევა, თუმცა ზამთარში უმჯობესი იქნება. ნაპოლისთვის კვარა გადაზრდილია. თანაგუნდელები მას განვითარებაში ვეღარ ეხმარებიან, რადგან კვარას დონის მოთამაშე ნაპოლის არ ჰყავს. უნდა წავიდეს ისეთ გუნდში, სადაც თავისი დონის ფეხბურთელები დახვდებიან. ნაპოლიში მხოლოდ 2 ვარსკვლავია - კონტე და კვარაცხელია. ჩემი სუბიექტური აზრით, ბარსელონაში გადასვლა მისთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იქ ბევრ ახალ რამეს ისწავლის, თუმცა პსჟ-ც კარგია, რადგან ჩემპიონთა ლიგას მოწყურებული გუნდია და თავიანთი მიზნები აქვთ."
ვლადიმერ კაკაშვილი: "ლივერპულში გადასვლას მივესალმები, მაგრამ მე ბარსელონაში მინდა. თუ თავად კვარას ასე სურს, მან ნაპოლი უნდა დატოვოს. ვფიქრობ, ხვიჩა უკვე დიდი ხანია მზად არის ტოპ კლუბში სათამაშოდ. ახალი გამოწვევები მისთვის აუცილებელი იქნება."
















