რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ნოა ლანგი პსვ-დან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს! 26 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ნაპოლი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €30 მილიონს გადაიხდის, ხოლო ლანგი "პარტენოპეისთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ნაპოლი ნოა ლანგის დამატებას წინა სეზონშიც ცდილობდა, თუმცა მაშინ გარიგება არ შედგა. შემდეგ იყო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა, როდესაც ჯოვანი მანა ნიდერლანდელის შეძენას კვლავ ცდილობდა, თუმცა პსვ-მ ყველანაირი შეთავაზება დაბლოკა. ანტონიო კონტეს ფეხბურთელის დამატება ძალიან სურდა, შესაბამისად, გარიგება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მაინც დაიხურა. ნოა ლანგი ნაპოლისთვის ზაფხულის მესამე ტრანსფერი იქნება. შეგახსენებთ, იტალიურმა კლუბმა ლუკა მარიანუჩი და კევინ დე ბრუინი უკვე გაიფორმა.
ნოა ლანგი პსვ-ს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 63 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 19 გოლი და 14 საგოლე გადაცემაც შეასრულა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ნაპოლი ნოა ლანგს მომდევნო კვირაში ოფიციალურად წარადგენს.













