ლიგა 1-ის 2024/25 სეზონი დასრულდა. ქვეყნის ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ გახდა, ხოლო რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის გუნდს, ლიონმა გათამაშება მე-6 პოზიციაზე დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. თუმცა, თუ პსჟ საფრანგეთის თასს მოიგებს, ლიონი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს. სამწუხაროდ ლიგა 2-ში დაქვეითდა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენი.
ახლა რაც შეეხება ლიონს, როგორც რამდენიმე კვირის წინ უკვე მოგახსენეთ, სეზონი როგორც არ უნდა დასრულებულიყო ლიდერები გუნდს მაინც დატოვებდნენ. ალექსანდრ ლაკაზეტი და რაიან შერკი ახალ სეზონს აუცილებლად ახალ კლუბებში დაიწყებენ. 33 წლის კაპიტანმა ლიონი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ხოლო რაც შეეხება რაიან შერკის, ფეხბურთელმა როგორც განაცხადა, ის ახალი გამოწვევისთვის მზადაა და ზაფხულში ახალ გუნდში გადასვლას გეგმავს. ლიონი 21 წლის ფეხბურთელს დაახლოებით €25 მილიონად აფასებს.
ამასობაში, კლუბის ფინანსური პრობლემები გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ ლიონმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისება მოახერხა, ამით ფინანსური პრობლემების ძალიან პატარა ნაწილი მოგვარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში კიდევ რამდენიმე მოთამაშის გაყიდვა იქნება საჭირო.
ვინ შეიძლება დატოვოს ლიონი? პირველ რიგში ეს მალიკ ფოფანა იქნება, რომლის დამატებასაც ტოპ კლუბები უკვე ცდილობენ. 20 წლის ბელგიელი ვინგერი ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებს. ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი €25-30 მილიონია.
შემდეგი სიაში ერნესტ ნუამაა, რომელიც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლიონის დატოვებასთან ძალიან ახლოს იყო. 21 წლის განელი ვინგერის მიმართ ინტერესი ახლაც დიდია და თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, ზაფხულში ლიონს ისიც დატოვებს. ერნესტ ნუამას სატრანსფერო ფასი დაახლოებით €20-25 მილიონია.
ლიონს აუცილებლად დატოვებს ტიაგო ალმადაც, რომელიც უკან, ბოტაფოგოში დაბრუნდება. 24 წლის არგენტინელი უნივერსალი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რის შემდეგაც გადაწყდება დარჩება თუ არა ბრაზილიაში.
და ბოლოს, გიორგი მიქაუტაძის საკითხი — ქართველ ფორვარდს საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. 24 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 17 გოლი და 11 საგოლე გადაცემა იყო, რაც საკმაოდ სოლიდური სტატისტიკაა.
როგორც ყველასთვის ცნობილია, გიორგი მიქაუტაძეს ლიონის დატოვება არ სურს, თუმცა ფინანსური პრობლემების ფონზე, დიდი შანსია კლუბმა მის სანაცვლოდ ყველა შეთავაზება განიხილოს. ქართველი ფეხბურთელის სიტუაციას პრემიერ ლიგის კლუბები ყურადღებით აკვირდებიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია სხვა გუნდების გააქტიურებაც. ლიონი გიორგი მიქაუტაძეს დაახლოებით €25-30 მილიონად აფასებს.













