ლივერპულსა და ფეხბურთელის აგენტს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა და როგორც ირკვევა, 25 წლის ესპანელი ენფილდზე კარიერის გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს! ამის შესახებ რეალ სოსიედადში კარგად იციან, თუმცა თუ სლოტის გუნდს ზუბიმენდის დამატება სურს, გუნდმა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა €60 მილიონი უნდა გადაიხადოს. განიხილება ასევე მეორე ვარიანტიც, რის მიხედვითაც, ლივერპული გამოსასყიდ თანხაზე რამდენიმე მილიონით მეტს გადაიხდის, ოღონდ გადახდის სისტემა რამდენიმე წელზე გადანაწილდება.
ინგლისური პრესა როგორც აანონსებს, ლივერპულს საკმაოდ ცხელი აგვისტო ექნება და დიდი შანსია ზუბიმენდი არნე სლოტის ერაში, პირველი ტრანსფერიც კი იყოს. მხარეებს შორის ახალი კონტაქტი უახლოეს საათებში შედგება — პირველადი მონაცემებით, ტრანსფერის განხორციელების ალბათობა საკმაოდ დიდია.
ზუბიმენდი რეალ სოსიედადის აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას უკვე 8 წელია იცავს. ამ დროში, ფეხბურთელმა 188 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. ზუბიმენდი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ევრო 2024-ის გამარჯვებულიც არის.













