სალაჰისა და არნოლდის მსგავსად, ვირჯილ ვან დაიკსაც მომავალ წელს ეწურება კლუბთან არსებული კონტრაქტი და ამ დრომდე, ლივერპულის დიდი სამეულის მომავალი გაურკვეველია.
ეგვიპტელი შემტევის დამატებას, რომ საუდის კლუბები ცდილობენ, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა დაახლოებით ორი თვის წინ გაირკვა, რომ 32 წლის ფეხბურთელი ლივერპულს არ დატოვებდა და მინიმუმ ერთი სეზონი კვლავ ენფილდზე ითამაშებდა.
რაც შეეხება ტრენტს, ინგლისელი განაპირა მცველის დამატებას რეალ მადრიდი სერიოზულად განიხილავს, ოღონდ არა ამ სატრანსფერო ფანჯარაზე, არამედ 2025 წელს, როდესაც 25 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება. ესპანური გრანდის ინტერესის შესახებ, თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა წერს.
ასევეა კაპიტანი ვან დაიკი, გუნდის ლიდერი, რომელიც იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ გაურკვევლობაშია და როგორც თავად ფეხბურთელი აცხადებს, არ იცის რა მოხდება მომავალში.
"როცა ისინი ძალიან კარგად თამაშობენ, ეს მათ სურვილზე და მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ მათ სურთ ხელი მოაწერონ ახალ კონტრაქტს, ეს უკვე კლუბზეა დამოკიდებული", - ამბობს არნე სლოტი Sky Sports-თან ინტერვიუში.
ამ მომენტისთვის, მხარეებს ახალ კონტრაქტზე მუშაობა არ დაუწყიათ, თუმცა უახლოეს მომავალში კლუბი სამივე მათგანის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, რითაც გაირკვევა ტრენტი, მო და ვირჯილი კლუბში დარჩებიან თუ უფასოდ დატოვებენ ენფილდს.













