იმის მიუხედავად, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არც კი გახსნილა, ლივერპულში ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად უკვე შეუდგნენ. მერსისაიდელებმა ჟერემი ფრიმპონგი სულ რამდენიმე საათის წინ წარადგინეს, ხოლო შემდეგი ვისი ტრანსფერის დახურვაც იგეგმება ფლორიან ვირცია. ამ ყველაფერს კი წესით და რიგით მილოშ კერკეზის გარიგებაც მოჰყვება, თუმცა ლივერპული ამაზე გაჩერებას არ აპირებს. არნე სლოტის გუნდი რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას კიდევ გეგმავს.
რაც შეეხება წამსვლელებს, როგორც რამდენიმე თვის წინ მოგახსენეთ, გუნდს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რეალ მადრიდში უკვე ოფიციალურად გადაბარგდა, ხოლო შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ენფილდიდან წავიდეს ლუის დიასია. დიახ, 28 წლის კოლუმბიელი ვინგერი ლივერპულის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. ამ ინფორმაციას ყველა გავლენიანი გამოცემა ადასტურებს, რასაც ისიც ემატება, რომ მერსისაიდული კლუბი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს.
კოლუმბიელი ფეხბურთელით ბარსელონა, ალ ნასრი და ალ აჰლი ინტერესდებიან, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ალ ნასრი აქტიურობს, რომელიც ლუის დიასის გარიგებაზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც მუშაობდა. როგორც ცნობილი ხდება, საუდის კლუბისთვის კოლუმბიელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის #1 სამიზნეა, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში პირველ ოფიციალურ შეთავაზებასაც ველოდებით.
უახლოეს კვირებში ლუის დიასის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც. განიხილება ისიც, რომ ფეხბურთელი ლივერპულში კიდევ ერთი სეზონით დარჩეს, თუმცა ამ მომენტისთვის მისი გაყიდვა უფრო რეალურია. 28 წლის ფეხბურთელის ფასი დაახლოებით €70-80 მილიონია.













