რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, მალიკ ჩაო მილანიდან კარიერას ნიუკასლში გააგრძელებს. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს ამ წუთებში აგვარებენ. 24 წლის ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ინგლისური კლუბი გერმანელი მცველის სანაცვლოდ €40 მილიონს გადაიხდის (ბონუსების ჩათვლით).
ნიუკასლი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან ახალი ცენტრალური მცველის ძიებაში იყო. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა ედი ჰაუს მალიკ ჩაოს დამატება ძალიან სურდა, შესაბამისად, გერმანელის ტრანსფერი დაჩქარდა. იმის მიუხედავად, რომ მაქს ალეგრის ფეხბურთელის გაყიდვა არ სურდა, ნიუკასლის შეთავაზებაზე "როსონერიმ" უარი ფიზიკურად ვერ თქვა და ტრანსფერიც დაიხურა.
მალიკ ჩაო მილანის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. ფეხბურთელმა ამ დროში 85 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
მილანში მალიკ ჩაოს შემცვლელს უკვე ეძებენ და როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პიეტრო კომუცოა, რომელიც ფიორენტინას ღირსებას იცავს. განიხილება სხვა კანდიდატურებიც.













