ესპანური გავლენიანი გამოცემა Relevo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს — ესპანელი ჟურნალისტის ნაჩო სანჩისის ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების და ვალენსიას 23 წლის კიპერით, გიორგი მამარდაშვილით ორი ინგლისური კლუბი ინტერესდება, კერძოდ ლივერპული და ბორნმუთი.
როგორც ირკვევა, უახლოეს დღეებში ლივერპულისა და ვალენსიას წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც მხარეები პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრებენ. ქართველი ფეხბურთელის პირობების შესახებ, მერსისაიდულ კლუბში ინფორმაცია აქვთ — გიორგი მხოლოდ ისეთ გუნდში გააგრძელებს კარიერას, სადაც #1 იქნება, სწორედ ამის გამო განიხილება ორი ვარიანტი:
1. თუ ალისონი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს, არნე სლოტი ქართველი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება. ბრაზილიელი კიპერით საუდის კლუბები ინტერესდებიან;
2. თუ ალისონი გუნდში დარჩება, ლივერპულმა მამარდაშვილი შეიძლება მაინც იყიდოს და ერთი სეზონით სხვა გუნდში გაანათხოვროს;
კიდევ ერთი გუნდი, რომელიც გიორგით ინტერესდება ბორნმუთია. ანდონი ირაოლას ძალიან მოსწონს ქართველი მეკარე — "ალუბლები" მზად არიან 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ €30 მილიონზე მეტიც კი გადაიხადონ, თუმცა სურს თუ არა გიორგის "ვითელითი სთედიუმზე" კარიერის გაგრძელება, ჯერჯერობით უცნობია.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება, შესაბამისად, წინ საკმაოდ დიდი დროა და მამარდაშვილის თაობაზე უფრო მეტ სიახლეს ველოდებით.













