მიმდინარე სეზონში ბევრი სამეკარეო ოსტატობა ვიხილეთ, სადაც ევროპის მასშტაბით ტოპ მეკარეებმა საოცარი პერფორმანსები შემოგვთავაზეს. ამ სიაშია მანჩესტერ სიტის კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმაც, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია. იმის მიუხედავად, რომ "ქალაქელებმა" ჯეიმს ტრაფორდი €35 მილიონად შეიძინეს, 23 წლის ინგლისელს ამ სეზონში თამაში თითქმის არ უწევს და ეს სწორედ იტალიელის დამსახურებაა.
ინგლისური პრესა ბოლო დღეების განმავლობაში გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ბევრს წერს, რადგან ქართველი მეკარე ჯეიმს ტრაფორდის მსგავსად სათამაშო დროს თითქმის ვეღარ იღებს, რაც 25 წლის ფეხბურთელისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ინგლისელის და ქართველის არსებული სიტუაცია ერთმანეთს ძალიან ჰგავს, თუმცა მათი ზაფხულის გეგმები დიდი ალბათობით სხვადასხვანაირი იქნება. დღევანდელი მოცემულობით, ლივერპული გიორგი მამარდაშვილის გასხვისებას არ აპირებს, ხოლო რაც შეეხება ჯეიმს ტრაფორდს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, 23 წლის კარის დარაჯი სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტის დატოვებს და ახალ სეზონს, ახალ გუნდში დაიწყებს.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულს ნიუკასლი როგორც გიორგი მამარდაშვილის, ისე ჯეიმს ტრაფორდის დამატებასაც განიხილავდა, თუმცა ერთი მეკარე ლივერპულში წავიდა, მეორე კი მანჩესტერ სიტიში აღმოჩნდა. ბევრი ნიუკასლის გულშემატკივარი დღემდე იმას წერს, რომ ორივე მათგანმა დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან ნიუკასლში ტრანსფერზე უარის თქმამ, მათი მომავალი თავიდან ბოლომდე შეცვალა.













