
როგორც გავლენიანი გერმანული და ინგლისური წყაროები წერენ, პეპ გუარდიოლას გუნდმა 2025 წლის პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა — ბოლო მომენტში თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, 20 წლის აბდუკოდირ ხუსანოვი ლანსიდან კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს! მხარეებს შორის დაახლოებით, €50 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელისთვის პირადი კონტრაქტი კი უკვე მზადაა. ხუსანოვი ეტიჰად სთედიუმის ბინადრებთან ხელშეკრულებას 2030 წლამდე გააფორმებს. ახალგაზრდა უზბეკი ცენტრალური მცველი უახლოეს დღეებში ინგლისში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ლანსმა აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერი 2023 წლის ზაფხულში დახურა, როდესაც ფეხბურთელი ბელარუსიიდან, კერძოდ, ენერგეტიკ-ბგუ მინსკიდან, სულ რაღაც €100.000-ად შეიძინა. უზბეკი ამ სეზონში ლანსის შეუცვლელი წევრი გახდა და ბევრის აზრით, ლიგა 1-ის პირველი წრის საუკეთესო მცველიც სწორედ ის არის.
20 წლის ფეხბურთელით სხვა ევროპული გრანდებიც იყვნენ დაინტერესებულნი, მათ შორის რეალ მადრიდი, მაგრამ როგორც ჩანს, მანჩესტერ სიტიმ ყველას აჯობა. "ქალაქელები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ — პეპ გუარდიოლას გუნდი ომარ მარმუშისა და ვიტორ რეისის ტრანსფერებზე მუშაობას აგრძელებს. სიტი ასევე განიხილავს ცენტრალური ნახევარმცველის დამატებასაც.















