განიხილება რამდენიმე პოზიციის გაძლიერება, თუმცა კლუბის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ახალი ფორვარდის დამატება იქნება. გამოიკვეთა ახალი სატრანსფერო სამიზნე, კერძოდ ჟან-ფილიპ მატეტა! კრისტალ პალასის 27 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესი რეალური და დადასტურებულია. მეტიც, თუ ფრანგულ გავლენიან გამოცემებს დავუჯერებთ, ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტი უკვე შედგა.

მატეტას "არწივებთან" კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ლონდონური კლუბი კი ფრანგ ფეხბურთელს დაახლოებით €50 მილიონად აფასებს. მანჩესტერ იუნაიტედში ფიქრობენ, რომ მატეტას პრემიერ ლიგური გამოცდილება გუნდს გამოადგება.
შეგახსენებთ, ფრანგი ფორვარდი კრისტალ პალასის ღირსებას 2021 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 139 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 44 გოლი და 9 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
მანჩესტერ იუნაიტედი ახალი სეზონის წინ, ორი ფორვარდის დამატებას განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ სხვა ვარიანტებიც გამოჩნდება.
















