პეპ გვარდიოლამ გადაწყვეტილება მიიღო — ომარ მარმუში და სავინიო მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მანჩესტერ სიტის არ დატოვებენ, ხოლო რაც შეეხება ოსკარ ბობს, 22 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი ეტიჰად სთედიუმიდან კარიერას ფულემში გააგრძელებს!
მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს, ახალგაზრდა ფეხბურთელს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ფულემი ოსკარ ბობის სანაცვლოდ £27 მილიონს გადაიხდის, ხოლო თავად ფეხბურთელი 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც ანტუან სემენიო მანჩესტერ სიტიში გადაბარგდა, ომარ მარმუშის, სავინიოსა და ოსკარ ბობის მომავალზე საუბრები გაორმაგდა. პეპ გვარდიოლამ პირველ რიგში ეგვიპტელი ფორვარდის ტრანსფერი გამორიცხა, რადგან ერლინგ ჰოლანდის შემცვლელი სჭირდებოდა და 26 წლის შემტევს სწორედ ამ პოზიციაზე ხედავდა. რაც შეეხება სავინიოს, ბრაზილიელმა ვინგერმა მძიმე ტრავმა მიიღო, შესაბამისად, იანვარში მისი ტრანსფერი გამოირიცხა. ოსკარ ბობის საკითხი კი შედარებით მარტივად გადაწყდა — იმის მიუხედავად, რომ პეპ გვარდიოლას ახალგაზრდა ფეხბურთელი ყოველთვის მოსწონდა, მას დიდ სათამაშო დროს მაინც ვერ უთმობდა, სწორედ ამიტომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ნორვეგიელმა ფეხბურთელმა ფულემში გადასვლა არჩია.













