კარგი 2023/24 სეზონის შემდეგ, ლოგიკური იყო, რომ სოულე ფროზინონეში არ დარჩებოდა და როგორც მინიმუმ იუვენტუსში დაბრუნებოდა, თუმცა "ბიანკონერიში" დიდი ცვლილებები დაანონსდა და მატიასის ადგილი, ტიაგო მოტას ფორმაციის იუვეში ვეღარ მოიძებნა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, რამდენიმე კლუბმა 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
ყველაზე მეტად პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებული ლესტერი აქტიურობდა — "მელიები" იუვენტუსის მიერ მოთხოვნილ თანხას მარტივად იხდიდნენ, თუმცა სოულემ მოცდა გადაწყვიტა, რადგან სხვა კლუბების შემოთავაზებებსაც ელოდებოდა. ამის შემდეგ, საქმეში ვესტ ჰემი და რომაც ჩაერთვნენ. ლესტერის მსგავსად, "ჩაქუჩებიც" საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდიდნენ, თუმცა ყველას მაინც რომამ აჯობა. მიზეზი? დანიელე დე როსი! იტალიელ ლეგენდასთან საუბრის შემდეგ, ფეხბურთელმა ყველა სხვა შეთავაზება დაბლოკა და იუვენტუსის უფროსობას განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელება მხოლოდ რომაში სურდა.
იმის მიუხედავად, რომ ორი კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერზე საკმაოდ დიდხანს მუშაობდნენ, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მაინც მიაღწიეს. საუბარია €30 მილიონიან გარიგებაზე. მხარეები ტრანსფერის ყველა დეტალს ამ კვირაში მოაგვარებენ, ამის შემდეგ კი ფეხბურთელს იტალიის დედაქალაქში დაელოდებიან.













