დადასტურებულად — ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, არსენალი ითან ნვანერისა და მაილს ლუის-სკელის თაობაზე ყველა შეთავაზებას განიხილავს! დიახ, ლონდონური კლუბი მზადაა ახალგაზრდა ფეხბურთელები გაასხვისოს და ამის თაობაზე მიკელ არტეტას თანხმობაც არსებობს.
როგორც ცნობილი ხდება, მაილს ლუის-სკელი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და თავად 19 წლის ფეხბურთელიც განიხილავს გუნდის გამოცვლას, ხოლო რაც შეეხება ითან ნვანერის, 19 წლის შემტევი სეზონის ბოლოს მარსელს დატოვებს, თუმცა დიდი შანსია არსენალში არ დაბრუნდეს და 2026/27 სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს.
მიკელ არტეტას ზაფხულში მინიმუმ ორი ახალი შემტევი მოთამაშის დამატება სურს, შესაბამისად, ნვანერისა და ლუის სკელის პოტენციური გაყიდვის შემდეგ, არსენალი საკმაოდ სოლიდურ ფინანსებს მიიღებს, რასაც შემდგომში ახალი ტრანსფერებისთვის გამოიყენებს. არსენალის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური კლუბი უკვე იჩენს, თუმცა ამ მომენტისთვის მეტი არაფერი ხდება. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ორივე მოთამაშის თაობაზე უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













