მილანში ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ. "როსონერის" ამ ზაფხულს 15-დან 20-მდე ფეხბურთელი დატოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანურ გრანდს წინ საკმაოდ დატვირთული სატრანსფერო ფანჯარა ელოდება.
მასიმილიანო ალეგრის მოთხოვნით, მილანი ახალ ფორვარდს 100% დაიმატებს. როგორც ადგილობრივი იტალიური მედია იუწყება, კლუბის სპორტული დირექტორი იგლი ტარე ორ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
მატეო რეტეგი და დუშან ვლაჰოვიჩი— ორივე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი რეალურია. კლუბში როგორც იტალიელი, ისე სერბი ფორვარდიც ძალიან მოსწონთ, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ორივე ფეხბურთელის თაობაზე პირველი შეთავაზება გაკეთდება.
მატეო რეტეგის ატალანტასთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასი საკმაოდ დიდია. ატალანტა 26 წლის იტალიელ ფორვარდს დაახლოებით €50 მილიონად აფასებს.
რაც შეეხება დუშან ვლაჰოვიჩს, 25 წლის სერბს იუვენტუსთან მიმდინარე კონტრაქტი მომავალ წელს ეწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სატრანსფერო ფასი ბევრად დაბალია. "ბიანკონერი" ფეხბურთელს დაახლოებით €30-35 მილიონად აფასებს.
მილანი სხვა ფორვარდებსაც ყურადღებით აკვირდება. უახლოეს პერიოდში "როსონერის" პოტენციურ ტრანსფერებთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი.













