ფონსეკას ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ფორვარდის პოზიციის გაძლიერება იყო. მილანი ოლივიე ჟირუმ უკვე დატოვა და იმის მიუხედავად, რომ ლუკა იოვიჩი გუნდში რჩება, "როსონერი" კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.
ჯოშუა ზირკზე - 23 წლის ნიდერლანდელი ამ დრომდე უპირველეს სამიზნედ რჩება, თუმცა ფეხბურთელის აგენტი სიტუაციას ართულებს. მილანმა ფეხბურთელის ყიდვა, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადაწყვიტა — გამოსასყიდი თანხის გადახდა კლუბისთვის პრობლემა არასდროს ყოფილა (€40 მილიონი), პირადი კონტრაქტის საკითხიც მხარეებმა მალევე მოაგვარეს, თუმცა აგენტის მოთხოვნები, ამ დრომდე პრობლემად რჩება. ზირკზეს აგენტი საკომისიოს სახით €15 მილიონს ითხოვს, რის გადახდაზეც მილანი კატეგორიულ უარს აცხადებს. სწორედ ამის გამო, ეს ტრანსფერი ვერ იხურება, ამასობაში კი საქმეში მანჩესტერ იუნაიტედი ჩაერთო, ერიკ ტენ ჰაგი ყველაფერს აკეთებს თანამემამულის დასამატებლად. იმის მიუხედავად, რომ ზირკზეს მილანში თამაში სურს, მისი აგენტის გამო, შეიძლება ფეხბურთელმა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
რომელუ ლუკაკუ - რომამ 31 წლის ბელგიელის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა და არც ჩელსი გეგმავს მის უკან დაბრუნებას, შესაბამისად, ფეხბურთელი ისევ ტრანსფერზეა დაყენებული. ლონდონური კლუბი ლუკაკუს საკმაოდ ძვირად, დაახლოებით €35-40 მილიონად, აფასებს. ამ მომენტისთვის ამ თანხის გადახდას არავინ აპირებს, თუმცა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს, საკმაოდ ბევრი გუნდი იჩენს. ნაპოლი და კონტე ლუკაკუს ტრანსფერით დაინტერესებულები არიან, თუმცა ჯერ ვიქტორ ოსიმენის ამბავია გადასაწყვეტი. თუ ნიგერიელმა გუნდი არ დატოვა, ლუკაკუს ტრანსფერი "პარტენოპეიში" ვერ განხორციელდება. საქმეში არიან საუდის კლუბებიც — ლუკაკუმ რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საუდის ლიგაში თამაშზე სერიოზულად ფიქრობს, თუმცა ჯერ არ იცის, ამ ნაბიჯს როდის გადადგამს. რაც შეეხება მილანს, "როსონერის" ინტერესი რეალურია, თუმცა მისი სატრანსფერო ფასი თუ არ დაიკლებს, რომელუს ყიდვა შეუძლებელი იქნება. სატრანსფერო ფანჯარა სულ რაღაც 5 დღეა რაც გაიხსნა, წინ დიდი დროა და საკმაოდ რეალურია, რომ ჩელსიმ ბელგიელის სანაცვლოდ, იმაზე ბევრად ნაკლები მოითხოვოს, ვიდრე ეს €40 მილიონია.
ალვარო მორატა - ძველი სამიზნე, რომლის დამატებაც პაოლო მალდინიმ რამდენჯერმე სცადა. 31 წლის ესპანელი ახლა ევრო 2024-ზე, ესპანეთის ნაკრებს კაპიტნობს და საკლუბო ფეხბურთზე ნაკლებად ფიქრობს, თუმცა ამის მიუხედავად, მილანი მის აგენტს დაუკავშირდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც "როსონერი" ფეხბურთელით კიდევ ერთხელ დაინტერესდა, მისი გამოსასყიდი თანხაა — მორატას დამატება ყველა გუნდს, სულ რაღაც €13 მილიონად შეუძლია. ეს თანხა მილანისთვის მისაღებია და არც ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი იქნება პრობლემა. იმის მიუხედავად, რომ ალვარომ ატლეტიკოში დარჩენა გადაწყვიტა, როგორც ესპანურ და იტალიურ პრესაში იწერება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყველაფერს აკეთებს ფეხბურთელის დასაყოლიელებლად. გამოსასყიდი თანხა და პირადი კონტრაქტი მზადაა, ბოლო სიტყვა კი მორატაზე იქნება. ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
პოტენციური ფორვარდების სიაში სანტიაგო ხიმენესს, ტამი აბრაჰამსა და არტემ დოვბიკსაც ვხვდებით, თუმცა ეს ფეხბურთელები ამ მომენტისთვის, მთავარ სამიზნეებად, ნაკლებად მოიაზრებიან.
ფონსეკას სურვილია, მილანმა ახალი ფორვარდი უახლოეს 10-14 დღეში დაიმატოს.













