ევროპული კლუბები როგორც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის, ისე 2026 წლის ზაფხულისთვის მზადებასაც უკვე შეუდგნენ. ამ სიაშია მილანიც, რომელმაც ორი ტრანსფერი უკვე დახურა, თუმცა მაქს ალეგრის გუნდი მომავალზეც აქტიურად ფიქრობს.
იმის მიუხედავად, რომ იტალიელ სპეციალისტს მაიკ მენიოს შენარჩუნება ძალიან სურს, ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ფრანგი მეკარე მიმდინარე სეზონის ბოლოს "როსონერის" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გამოცდილ კარის დარაჯსა და მილანური კლუბის უფროსობას შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა, შესაბამისად, დიდი შანსია 30 წლის მეკარე მომდევნო სეზონში ახალ გუნდში ვიხილოთ.
მაიკ მენიოს პოტენციური წასვლისთვის კლუბშიც ემზადებიან და როგორც ცნობილი ხდება, სპორტული დირექტორი იგლი ტარე და მთავარი სკაუტი ჯოფრი მონკადა ახალ მეკარეს უკვე ეძებენ.
მილანს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი მეკარე დაუკავშირეს, თუმცა ამ დრომდე რაიმე კონკრეტულზე საუბარი არ შეგვეძლო, თუმცა, ბოლო საათებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როსონერი" კორინთიასის 26 წლის კარის დარაჯით სერიოზულად ინტერესდება და მეტიც, მხარეებს შორის პირველი კონტაქტიც უკვე შედგა.
საუბარია ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეზე, რომლის სახელიც ჰუგო სოუზაა. 26 წლის მეკარე კორინთიასის ერთ-ერთი ლიდერია და ბოლო პერიოდში კლუბმა რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მისი დიდი დამსახურებაცაა. მილანის გარდა საქმეში სხვა კლუბებიც არიან, სწორედ ამიტომ მილანელები ფეხბურთელთან წინასწარი სიტყვიერი შეთანხმების მიღწევას უახლოეს კვირებში შეეცდებიან, რის შემდეგაც კორინთიასთან ტრანსფერზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება.
ჰუგო სოუზა ფლამენგოს აკადემიის აღზდილია, კორინთიასის ღირსებას კი 2024 წლიდან იცავს. 26 წლის ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა.
ჰუგო სოუზას გარდა, მილანი სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს, თუმცა ამ მომენტისთვის კონკრეტულ სახელებზე საუბარი გაგვიჭირდება. მას შემდეგ, რაც მაიკ მენიოს საკითხი ბოლომდე გადაწყდება, სან სიროს ბინადრები მთავარ სამიზნეს შეარჩევენ, რომლის დამატებასაც ზაფხულში შეეცდებიან... და ეს შეიძლება ჰუგო სოუზა იყოს!













