მილანმა სატრანსფერო ფანჯარაზე დაანონსებული აქტიურობა დაიწყო — ალვარო მორატას ტრანსფერის დახურვის შემდეგ, გუნდი კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას ცდილობს და #1 სამიზნე, დორტმუნდისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ნიკლას ფულკრუგია! "როსონერი" 31 წლის ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და როგორც იტალიური გამოცემები წერენ, გერმანელი ფეხბურთელი კარიერის იტალიაში გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს.
დორტმუნდმა სულ რამდენიმე საათის წინ წარადგინა სერუ გირასი, რომელიც სწორედ ფულკრუგის პოზიციის მოთამაშეა, შესაბამისად, დიდი შანსია 31 წლის გერმანელმა, დორტმუნდის დატოვების გადაწყვეტილება მარტივად მიიღოს. გირასის ტრანსფერის მიუხედავად, "შავ-ყვითლების" ახალი მთავარი მწვრთნელი ნური შაჰინი, ფულკრუგის შენარჩუნებას გეგმავს, თუმცა თუ მილანი გერმანელი ფორვარდის სანაცვლოდ €15-20 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს, დიდი ალბათობით, სიგნალ იდუნა პარკის ბინადრები, ფეხბურთელს შეელევიან.
მილანი ამ მომენტისთვის მხოლოდ ფულკრუგის ტრანსფერზე არ მუშაობს. იბრაჰიმოვიჩი და მისი გუნდი, მორატას გარდა, მინიმუმ 4 ტრანსფერის დახურვას კიდევ შეეცდებიან. იტალიური გრანდის ამ ფეხბურთელების ტრანსფერებზე მუშაობს: მარიო ერმოსო, სტრაინია პავლოვიჩი, ემერსონ როიალი, ლაზარ სამარჯიჩი და იუსუფ ფოფანა. რაც შეეხება ნიკლას ფულკრუგის გეგმა B-ს, გუნდი ტამი აბრაჰამის ვარიანტსაც განიხილავს.
Bundesliga
მილანი ნიკლას ფულკრუგის ტრანსფერზე მუშაობს
















