რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, ევან ფერგიუსონი ბრაიტონიდან კარიერას რომაში გააგრძელებს! მხარეებს შორის წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება შედგა, 20 წლის ირლანდიელ ფორვარდს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. რომასა და ბრაიტონს შორის 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ.
მას შემდეგ, რაც რომამ ტამი აბრაჰამი და ელდორ შომუროდოვი გაყიდა, ჯან პიერო გასპერინიმ ახალი ფორვარდის დამატება მოითხოვა. "ჯალოროსის" სიაში იყო ლიონის ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეც, თუმცა ეს გარიგება არ შედგა. საბოლოო ჯამში, იტალიურმა კლუბმა არჩევანი ახალგაზრდა ფორვარდზე შეაჩერა.
ევან ფერგიუსონი პრემიერ ლიგაში საკმაოდ პატარა ასაკიდანვე გამოჩნდა და გულშემატკივრის ყურადღება მალევე მიიპყრო. თუმცა, შემდეგ იყო კარიერული დაღმასვლა, წარუმატებელი იჯარა ვესტ ჰემში და ბრაიტონში დაკარგული ნდობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, გასპერინიმ ირლანდიელ ფორვარდს ნდობა მაინც გამოუცხადა და ტრანსფერიც დაიხურა. ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, რომა ევან ფერგიუსონს მომდევნო კვირაში წარადგენს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ჯალოროსიმ" ლანსიდან ნილ ელ აინაუნის ტრანსფერიც დახურა, ხოლო ფლამენგოდან უესლის დამატებასთან ძალიან ახლოს არიან.













